“ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი წარდგენისთვის და თქვენი წვლილისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ინარჩუნებთ პრინციპულ პოზიციას, რომელსაც მუდმივად ვხედავთ, რომელიც არ იცვლება ამ რთული პერიოდის განმავლობაში უკრაინისთვის. ეს არის ნამდვილად ჩვენი გამარჯვების წინაპირობა. ევროპას გაუმართლა, რომ გააჩნია ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ყრილობა და მე ვიცი, რომ თქვენი აბსოლუტური უმრავლესობისგან ვიღებ მხარდაჭერას, რისთვისაც მადლობას გიხდით.
ძვირფასო ევროპის წარმომადგენლებო, მივმართავ ყველა ევროპელს, რომელიც მოითვლის ასობით მილიონ ადამიანს კონტინენტის მასშტაბით, თქვენ დღეს აქ წარმოდგენილნი ხართ ორი სტატუსით: ევროპის წარმომადგენლები და ევროპის ლიდერები, ჩვენ ვიბრძვით ევროპის თავისუფლებისათვის, ვიბრძვით თანამედროვე ევროპისთვის, ეს არის ევროპული ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოება და მრავალფეროვნება უნდა დაფასდეს შესაბამისად. ეს ყველაფერი გაერთიანებულია სამართლებრივი პრინციპების ფარგლებში, როდესაც საზღვრებს არ არღვევენ მეზობლები, როდესაც ადამიანები ენდობიან ერთმანეთს, აქვთ ნდობა ხვალინდელი დღის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ამისათვის არსებობს ერთადერთი მთავარი გარანტია, ეს არის სამართლებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი ევროპა, ეს არის ჩვენი ცხოვრების გზა.
რაც შეეხება უკრაინას, ეს არის უკრაინის გზა შინისაკენ, უკრაინის გზა ევროპისაკენ. მე დღეს აქ ვარ იმისათვის, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის სათქმელი, ჩვენი ხალხის პრინციპები. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა დღეს ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება და იბრძვის იმისათვის, რომ დაიცვას ევროპული ღირებულებები. ჩვენ ისტორიულად გვაერთიანებს არაერთი პრინციპი, ევროპული ცხოვრების გზა ნაცნობია უკრაინისათვის და სწორედ ამის განადგურებას ცდილობს დღეს ჩვენი მტერი. მტერს სურს, გაანადგუროს ევროპული ღირებულებები და ეს პირდაპირი თავდასხმაა ევროკავშირის 27 ქვეყანაზე, რის ნებასაც ჩვენ მტერს არ დავრთავთ. ჩვენ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, რუსეთს, რომელიც თავს არ ესხმის მხოლოდ ჩვენს ტერიტორიას, არამედ ევროპულ პრინციპებსაც. ეს არის დიქტატორი, რომელსაც აქვს უზარმაზარი მარაგი საბჭოთა იარაღისა, რომელსაც ამჟამად იყენებს ჩვენს წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კრემლს, აუცილებელია თქვენგან მივიღოთ მხარდაჭერა.
რუსეთი, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა გაენადგურებინა ყველა ღირებულება, რომელიც ევროპაში არსებობს და ეს არ ემსახურება არავის ინტერესებს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან კრემლში. 140-მდე მილიონი რუსი მოქალაქე იქნა მობილიზებული, ისინი ემორჩილებიან დიქტატორებს, ისინი იქცნენ კრემლის ძალადობის წყაროდ. რუსული რეჟიმი დგას სიძულვილზე, ისინი აქცენტს აკეთებენ ქსენოფობიაზე და ცდილობენ, დანერგონ სიძულვილი მთელი კონტინენტის მასშტაბით. მათი თავდასხმები შეუსაბამოა 21-ე საუკუნისათვის და პასუხი ამაზე, უნდა იყოს გამაერთიანებელი მთელი ევროპისათვის. ჩვენ ვიცავთ მთელ კონტინენტს ანტიევროპული ძალებისგან, ჩვენ ვიცავთ უკრაინულ საზღვრებს თქვენთან ერთად. მე მოგიწოდებთ, რომ გავაგრძელოთ თანადგომა საერთო მტრის წინააღმდეგ. ჩვენ არ დავნებდებით, გავაგრძელებთ ბრძოლას, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან ვიბრძოლებთ ძალადობის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ჩვენი ოცნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უკავშირდება. რამდენად იქნება ეს მიღწევადი, დამოკიდებულია ჩვენს ერთიანობაზე, ყველა ჩვენგანზე, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს გამარჯვებას შეუძლია მტრის შეჩერება, ევროპული ღირებულებების გაძლიერება და გადარჩენა, ჩვენი გამარჯვება, ამ შემთხვევაში, უმთავრესია.
შესაბამისად, მივმართავ ევროპელ ლიდერებს, დეპუტატებს, ევროპარლამენტის წევრებს და ყველა სხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებს, აღუდგნენ წინ საერთო მტერს და დაგვიჭირონ მხარი ამ რთულ ბრძოლაში. მივმართავ ასევე დიპლომატებს, პროფესორებს, მეცნიერებს, ყველა ადამიანს, რომელსაც შეუძლია წვლილის შეტანა აღნიშნულ ომში, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად, ბიზნესმენები, მცირე მეწარმეები, ბანკები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, აქტივისტები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადვოკატები, მოსამართლეები, ადამიანთა უფლებების დამცველები, ჩვენ არასოდეს ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე, თქვენს გარეშე, ეს ბრძოლა წაგებულია. ყველა თქვენგანის წვლილი არის უმნიშვნელოვანესი, იმისათვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს – გამარჯვებას. ეს აგრესია მხოლოდ და მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ არ არის მომართული, ეს არის მომართული ევროპის წინააღმდეგ, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ასობით განადგურებული უკრაინული ქალაქი და სოფელი არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ისტორიული მხარდაჭერისათვის.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ხალხს, მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც აგზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლებიც უწესებენ სანქციებს რუსეთს, ებრძვიან რუსულ დეზინფორმაციას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. მადლობა ყველას, ვინც გვიგზავნის იარაღს და სხვადასხვა აღჭურვილობას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ვებრძოლოთ მტერს, რაც საშუალებას გვაძლევს არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისათვის, რადგან ჩვენ ვიცავთ ევროპული ცხოვრების წესს, ევროპულ ღირებულებებს. უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს.
მინდა შევაქო თქვენი გაბედული გადაწყვეტილებები. ევროპულმა კომისიამ მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დააწესა არაერთი მნიშვნელოვანი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის შესაჩერებლად. ჩვენ მარტო ვერ დავრჩებით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, გვჭირდება მხარდაჭერა, რადგან მტერი არის გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი, ამიტომ ევროკავშირს ვუხდი მადლობას მხარდაჭერისთვის, რაც გვაძლევს მოტივაციას, განვაგრძოთ ბრძოლა, არ დავნებდეთ და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი თავისუფლება.
დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე პირადად მექნება იმის საშუალება, რომ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიღებული იქნა უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ოლიგარქია თანდათან მარცხდება და უკრაინა იცავს საკუთარ თავს წარმატებით. პირველად ისტორიაში, ევროკავშირმა უზრუნველყო სამხედრო მხარდაჭერა რაც გამოიხატება იარაღის მიწოდებაში იმ ქვეყნისათვის, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უკრაინა იბრძოლებს ბოლომდე, უკრაინა იქნება მადლიერი ევროკავშირის და უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არის ჩვენი მომავალი“,
ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს.