აშშ და ევროკავშირი: მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას

ევროკავშირი და აშშ მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პარტიებს კრისტიან დანიელსონმა წარუდგინა. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივ განცხადებაში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.

ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს”,– ვკითხულობთ განცხადებაში.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღეს, 18 აპრილს 17:00 საათზე გაიმართება. შეხვედრა 3 საათით გადაიდო.