გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ორშაბათის სხდომაზე რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრა განიხილეს. აზრი უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა გამოთქვა, თუმცა სხდომის დიდი ნაწილი აშშ–სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის კამათს დაეთმო, რომლებიც საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ.
კენჭისყრის დაწყებამდე გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ საბჭოს წევრებს მოუწოდა “გამოეჩინათ პრინციპულობა და არ მიეცათ უშიშროების საბჭოს ტრიბუნის პროპაგანდისტული დღის წესრიგის რეალიზაციისთვის გამოყენების უფლება მათი დასავლელი კოლეგებისთვის.“
თუმცა, საბოლოო ჯამში პროცედურული კენჭისყრისას უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ–ს მიერ ინიცირებული სხდომის ჩატარებას.
გაეროში აშშ–ს წარმომადგენელმა, ლინდა ტომას–გრინფილდმა განაცხადა: “თუ რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე შეტევას, ვერცერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს იმის თქმას, რომ ჩვენ ეს ვერ განვჭვრიტეთ, და შედეგები შემზარავი იქნება. ჩვენი წინადადებები ყოველთვის მკაფიო და თანმიმდევრული იყო: ჩვენ ვხედავთ მშვიდობის გზას, ვხედავთ დიალოგის გზას, არ გვინდა კონფრონტაცია, მაგრამ ვიმოქმედებთ პრინციპულად, სწრაფად და ერთსულოვნად, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება “.
გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენლის მოადგილემ აშშ–ს პოზიციას მხარი დაუჭირა და ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი რუსული შეჭრა ან აგრესიის აქტი უკრაინის მიმართ საერთაშორისო სამართლის და რუსეთის ვალდებულებების სერიოზული დარღვევა იქნება.
ჩინეთის წარმომადგენელი რუსეთს არ დამუქრებია, არამედ პირიქით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდა “ყური დაუგდონ რუსეთის საფუძვლიან წუხილებს უსაფრთხოების სფეროში“, ასევე აღიარა, რომ არ ესმის, რის საფუძველზე გაჩნდა შიშები შესაძლო ომის შესახებ.
უშიშროების საბჭოს წევრების გამოსვლების მოსმენის შემდეგ ვასილი ნებენზიამ ამერიკულ მხარეს მოთხოვა წარადგინოს “თუნდაც რამენაირი მტკიცებულებები, გარდა ვარაუდებისა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებს.“
“საიდან მოიტანეთ ციფრი 100 ათასი სამხედრო, რომლებიც როგორც თქვენ ამტკიცებთ რუსეთ–უკრაინის საზღვართან არიან განლაგებული, რაც სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენ ეს ციფრი არსად დაგვისახელებია“– დასვა კითხვა რუსეთის წარმომადგრენელმა.
ლინდა ტომას–გრინფილდმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ნებენზიას გამოსვლით.
“ჩვენ არ გვაქვს რუსეთის დასუსტების გეგმა, როგორც ამას რუსი კოლეგა ამტკიცებს. პირიქით, ჩვენ მივესალმებით რუსეთს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიან წევრს, თუმცა მისი მოქმედება უკრაინის საზღვართან უპასუხისმგებლოა“– თქვა მან.
საპასუხოდ ნებენზიამ განაცხადა:
“ჩვენ ისევ არ გვესმის, რა საფრთხეებზე და ესკალაციაზე მიდის საუბარი და რა გვედება ბრალად.“
დასავლეთის ქვეყნები გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ რუსეთს განზრახული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა. რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა პარალელურად გამოდის მოთხოვნით იურიდიულად იქნას დადასტურებული ნატოს უარი აღმოსავლეთით გაფართოებაზე და უკრაინის მის რიგებში მიღებაზე.
გასული კვირის პარასკევს გაეროში აშშ–ს მუდმივმა წარმომადგენლობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო 31 იანვარს ვაშინგტონის ინიციატივით შეიკრიბებოდა “რუსეთის საფრთხისშემცველი ქცევის“ განსახილველად.
“100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო განლაგებულია უკრაინის საზღვართან, რუსეთი ასევე მონაწილეობს სხვა მადესტაბილიზირებელ ქმედებებში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას და გაეროს წესდებას“ – განაცხადა აშშ–ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ლინდა ტომას–გრინფილდმა.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეგლამენტით, პროცედურული კენჭისყრის ინიცირება ნებისმიერი საკითხის განსახილველად უშიშროების საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია. განხილვის დაწყებისთვის აუცილებელია, რომ ინიციატივას მხარი 15–დან მინიმუმ 9 წევრმა დაუჭიროს.
სხდომის წინ რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე, დიმიტრი პოლიანსკი იმედს გამოთქვამდა, რომ სიტუაცია უკრაინის გარშემო არ განიხილებოდა და კოლეგები არ დაუჭერდნენ მხარს “ასეთ პიარ ტრიუკს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეპუტაციისთვის სამარცხვინოა.“
“ვერ ვიხსენებ სხვა შემთხვევას, როცა უშიშროების საბჭოს წევრი გამოვიდა საკუთარი დაუსაბუთებელი ბრალდებების და წინადადებების, როგორც ვინმეს მხრიდან საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შემცველი საფრთხის განხილვის შეთავაზებით.“– თქვა პოლიანსკიმ.