აშშ–ს, ევროკავშირის და ბრიტანეთის ხელისუფლებები ბოლო რამდენიმე კვირაა რეგულარულად მართავენ შეხვედრებს, რომლებზეც უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით შეწყვეტა განიხილება – წერს სიენენი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
ტელეარხის ცნობით, კონფლიქტი უკვე 100 დღეა გრძელდება, აშკარა უპირატესობა კი არცერთ მხარეს არ მოუპოვებია.
სიენენ–ის წყაროს თქმით, ამ შეხვედრებზე, კერძოდ განიხილებოდა იტალიის გეგმა, რომელიც ყირიმის და დონბასის სრულ ავტონომიას ითვალისწინებს.
ამასთან, უკრაინა ამ განხილვებში პირდაპირ არ მონაწილეობს, რაც ეწინააღმდეგება აშშ–ს პოზიციას, რომ “არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არ უნდა გადაწყდეს“. – ამბობს სიენენი–ს წყარო.
ამავე დროს, ვაშინგტონი არ ახდენს ზეწოლას კიევზე, ამოირჩიოს რომელიმე კონკრეტული გეგმა და არ უბიძგებს მას მოსკოვთან მოლაპარაკებისკენ – ხაზს უსვამს სიენენი.
ამ შეხვედრების მიზანი წყაროების ცნობით მშვიდობიანი მოგვარების გეგმის ზოგადი პარამეტრების განსაზღვრაა, რომელიც შეიძლება უკრაინას შემდგომი განხილვისთვის შესთავაზონ.
ამავე დროს, ვაშინგტონში ჯერჯერობით ვერ ხედავენ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების პერსპექტივას – ამბობს ტელეარხი.