აშშ ინდოეთს აფრთხილებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა ძვირი დაუჯდება

აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბრაიან დიზმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აფრთხილებს ინდოეთს, თავი შეიკავოს რუსეთთან მეტისმეტად ახლო თანამშრომლობისგან.

დიზის თქმით, რომელიც ამერიკის ნაციონალურ ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს, შემდგომი სტრატეგიული თანამშრომლობა მოსკოვთან შეიძლება ძვირი დაუჯდეს ინდოეთის ხელისუფლებას და ეს მძიმე შედეგები “ძალიან გრძელვადიანი იქნება“.

“რა თქმა უნდა, ზოგიერთ ასპექტში იმედგაცრულებული ვართ იმით, თუ როგორ იქცევიან ინდოეთი და ჩინეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტში“– დასძინა მან.

ინდოეთი რუსული შეიარაღების უმსხვილესი იმპორტიორია და მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე.