აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება – NYT

The New York Times აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების დაზვერვა ეხმარება უკრაინელებს რუსი გენერლების განადგურებაში.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბრძოლაში უკვე მოკლეს 12 რუსი გენერალი, თუმცა აშშ-ში არ აკონკრეტებენ, რამდენის მოკვლაში დაეხმარნენ უკრაინელებს.

მათი ცნობით, სადაზვერვო ინფორმაციას რუსების გადაადგილების, მობილური შტაბების მდებარეობისა და სხვა დეტალების შესახებ უკრაინელებს რეალურ დროში აწვდიან.

NYT წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა, დაზვერვის დიდი ნაწილი საიდუმლოდ შეენახა, იმის შიშით, რომ ეს იქნებოდა ესკალაცია და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის გაფართოების პროვოცირების საშუალებას მისცემდა.

ოფიციალური პირების ცნობით, მთელი ომის განმავლობაში აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები იყენებენ სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის საიდუმლო და კერძო თანამგზავრებს, რათა თვალყური ადევნონ რუსული ჯარების გადაადგილებას.

უკრაინელებისთვის დაზვერვის გაზიარების შესახებ კითხვაზე პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ “ამ ინფორმაციის დეტალებზე არ ისაუბრებს”, მაგრამ მან აღიარა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის ინფორმაციას და დაზვერვას, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს თავის დასაცავად.

გამოცემის ცნობით, რუს გენერლებზე ყველა დარტყმა არ განხორციელებულა ამერიკული დაზვერვის დახმარებით, ასევე, შეერთებული შტატები საკუთარ თავს უკრძალავს დაზვერვის მიწოდებას რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის ლიდერების შესახებ.