აშშ-ის მიერ Belavia-ს სანქცირებას შევისწავლით, შემდეგ გვექნება რეაგირება – ავიაციის სააგენტო

აშშ-ის მიერ Belavia-ს სანქცირებას შევისწავლით, შემდეგ გვექნება რეაგირება  – ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს.

სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნულია განცხადებაში.