პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილს, ჰანტერს, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას საკუთარი თავის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ–ს მოქმედი პრეზიდენტის ვაჟის ან ქალიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ბრალდებები ბაიდენის შვილს მას შემდეგ წაუყენეს, რაც ივლისში შეთავაზებული საპროცესო შეთანხმება საგადასახადო თაღლითობისა და იარაღის უკანონო შეძენაში ბრალის აღიარების შესახებ ჩაიშალა.
სამივე ბრალდება უკავშირდება იმას, თითქოსდა ჰანტერ ბაიდენმა ფედერალური ბლანკების შევსებისას ტყუილი ჩაწერა, როცა ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობდა, და არ აღიარა, რომ ის ნარკომანი იყო.
ბლანკში მან აღნიშნა, რომ არ მოიხმარს არალეგალურ ნარკოტიკებს და არ არის მათზე დამოკიდებული, თუმცა რეალურად იმ დროს აქტიურად იყენებდა კოკაინს.
ამ ფორმალობების შემდეგ, სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ჰანტერმა 2018 წლის ოქტომბერში დელავერის იარაღის მაღაზიიდან იყიდა კოლტის რევოლვერი. ის იარაღს 11 დღე ინახავდა.
აშშ-ს ფედერალური კანონები დანაშაულად მიიჩნევს ასეთ დოკუმენტეში ტყუილის ჩაწერას ან ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას ნარკოტიკების მოხმარებისას.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, ფედერალური დანაშაულებისთვის რეალური სასჯელი ჩვეულებრივ მაქსიმალურ სასჯელზე ნაკლებია ხოლმე.
მანამდე, შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს, ბაიდენი მზად იყო ეღიარებინა დანაშაული. ეს აღიარება გახდებოდა ივნისში პროკურორებსა და ბაიდენის ადვოკატებს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების ნაწილი.
შეთანხმების პირობების თანახმად, მას ბრალი წაუყენეს გადასახადების დროულად გადაუხდელობის ორი მუხლით, 2017 და 2018 წლებში. გარდა ამისა, მას ასევე უნდა ეღიარებინა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
გარიგება ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ მერილენ ნორეიკამ თქვა, რომ ის ვერ დაამტკიცებდა შეთანხმებას არსებული ფორმით. მან აღნიშნა, რომ შემოთავაზებული გამოსავალი იარაღთან დაკავშირებული დანაშაულისთვის უჩვეულო იყო.
იმავდროულად, ამ კვირაში, რესპუბლიკელებმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამოაცხადეს გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს იმპიჩმენტის პროცესს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.