აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის გენოციდს უწოდებს. დოკუმენტი  როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა  სენატორებმა წარმოადგინეს და ის მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას სანქციების დაუწესოს ომის წარმოებასთან დაკავშირებულ რუსებს,  მაგნიტსკის აქტის ფარგლებში.

რეზოლუციის ავტორები, სხვათა შორის, იყვნენ დემოკრატები ბენ კარდინი (ის ხელმძღვანელობს ამერიკის ჰელსინკის კომისიას) და რიჩარდ ბლუმენტალი, ასევე რესპუბლიკელი სენატორები ჯიმ რიში და ლინდსი გრეჰემი.

“მისი ქმედებებით პუტინმა  ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია დაასრულოს უკრაინელი ხალხის არსებობა. მე პირადად მინახავს მისი სისასტიკის მტკიცებულებები ირპინში და კიევის რეგიონის [სხვა რაიონებში]”, – თქვა რიშმა.

“ეს რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ აქტიურ გენოციდს, მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას იმუშაოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა თავიდან აიცილოს მომავალი გენოციდი და მხარს უჭერს გამოძიებას ამ საზარელი დანაშაულების პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს  გადარჩენისთვის ბრძოლაში“–ამბობს რიში.

რას ამბობს რეზოლუცია:

  • ის გმობს რუსეთს უკრაინელი ხალხის გენოციდის გამო.
  • მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ნატოს და ევროპელ მოკავშირეებს მხარი დაუჭირონ უკრაინის მთავრობას, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი.
  • მხარს უჭერს ტრიბუნალებს და საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიებებს, რათა პასუხისგებაში მიეცეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აგრესიულ ომზე, ომის დანაშაულებებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და გენოციდზე.
  • მოუწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს გამოიყენოს მაგნიტსკის აქტი [მიღებული სანქციების დაწესების მიზნით იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ HermitageCapital-ის იურისტის სერგეი მაგნიცკის დევნაში] იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია და მონაწილეობს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ გენოციდში.

მანამდე, უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადა, ევროპარლამენტმა კი იგივე რეზოლუციით დაამტკიცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ასევე იძიებს რუსეთის წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულებს.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის არმიამ ომის დროს რაიმე დანაშაული ჩაიდინა. მოსკოვი ასევე  “ყალბ” მონაცემებს უწოდებს უკრაინის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შესახებ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მკვლელობები მრავალი სანდო მტკიცებულებით არის გამყარებული.