აშშ-ის სენატმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დასაძლევად ეკონომიკისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის 484 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა.
„როიტერსის“ ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 321 მილიარდი აშშ დოლარი მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამას მოხმარდება, 60 მილიარდი – საგანგებო სესხის პროგრამას, რომელიც ასევე მცირე ბიზნესისკენ იქნება მიმართული, 75 მილიარდი – საავადმყოფოებს, 25 მილიარდი კი-კორონავირუსზე ტესტირების პროგრამას.
აშშ-ის სენატმა აღნიშნული პაკეტი ერთხმად მიიღო. შემდეგ ეტაპზე მას კენჭი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უნდა უყაროს, მხარდაჭრის მიღების შემთხვევაში პაკეტი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 824 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 45 000-ზე მეტი ადამიანი. პანდემიის გავრცელების დღიდან კი ქვეყანაში სამსახური დაახლოებით 22 მილიონმა ადამიანმა დაკარგა.