აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულმა შტატებმა შეიძლება რუსული ეკონომიკა ჩამოაქციოს, მაგრამ საჭიროა თანამშრომლობა ევროპასთან

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან დამატებითი სანქციების დაწესების საკითხში იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რათა „გაანადგუროს“ რუსეთის ეკონომიკა.

„ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენს მაგალითს მიჰყვნენ,“ — თქვა ბესენტმა NBC News-თან ინტერვიუში.

„ახლა ეს არის რბოლა, რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინის არმია და რამდენ ხანს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა, და თუ აშშ და ევროკავშირი ჩაერევიან, შემოიღებენ დამატებით სანქციებს, მეორად ტარიფებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ჩამოინგრევა და ეს აიძულებს პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.“–დასძინა ბესენტმა.

აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციამ ინდოეთს 50-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, მიზეზად მისი მხრიდან რუსული ნავთობის უწყვეტი შესყიდვები დაასახელა.

ბესენტმა ეს განცხადება რამდენიმე საათში გააკეთა რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

ამერიკული მედიის შეფასებით, ტრამპი ომის დასრულების მცდელობებს უფრო პესიმისტურად უყურებს, თუმცა რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით ევროპელ ლიდერებს, მოუწოდა მათ შეუერთდნენ აშშ-ს და ზეწოლა მოახდინონ ჩინეთზე რუსეთის მხარდაჭერის გამო უკრაინასთან ომში.

წინადღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარიზში გამართული „მოსურველთა კოალიციის“ სამიტის მონაწილეებმა ხუთშაბათს, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას, განიხილეს გზები რუსეთის აგრესიის შეჩერებისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.