აშშ ლავროვს და მის დელეგაციას ნიუ–იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასასვლელად ვიზებს არ აძლევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და მისი დელეგაცია კვლავ უშედეგოდ ელიან ვიზებს ნიუ იორკში, გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე წასასვლელად, რომელიც ორ კვირაში გაიმართება.  ამერიკული მხარე კვლავ იგნორირებას უკეთებს მოსკოვის მოთხოვნას მისი 56 ჩინოვნიკისთვის ვიზების გაცემის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო როიტერი წერს.

რუსეთის ელჩი გაეროში შეშფოთებულია იმის გამო, რომ “ბოლო თვეების განმავლობაში აშშ მუდმივად უარს ეუბნება ვიზებზე“ რუსებს, რომლებსაც გაეროს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა სურთ.

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტში როიტერის კითხვას ამ თემაზე უპასუხეს, რომ ვიზების შესახებ ინორმაცია კონფიდენციალურია, ამიტომაც მათ არ შეუძლიათ განიხილონ “ცალკეული შემთხევები.“

სერგეი ლავროვი აშშ–ს მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქცირებულ პირთა სიაშია. მას აშშ–მ  სანქციები 26 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი დღის შემდეგ დაუწესა.

1947 წლის გაეროს „შტაბ-ბინის შეთანხმების“ მიხედვით, ზოგადად, შეერთებული შტატები ვალდებულია დაუშვას გაეროში წვდომა უცხოელ დიპლომატებისათვის, მაგრამ ვაშინგტონი ამბობს, რომ მას შეუძლია უარი თქვას ვიზებზე „უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკის“ მიზეზების გამო.