Reuters-ის ინფორმაციით შეერთებულმა შტატებმა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ ეთანხმება მათ თხოვნას უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით.
„გამოვხატავ შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემასთან და უკრაინელი მფრინავების კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ მომზადებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ბლინკენის წერილში, რომლის შინაარსიც Reuters-თვის გახდა ცნობილი.
დანია და ნიდერლანდები საავიაციო კოალიციის თავმჯდომარე ქვეყნები არიან და ამერიკას ცოტა ხნის წინ სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის კუთხით გარანტიები მოსთხოვეს.