ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩინეთის ჯაშუში საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს, რომელიც აშშ-ის საჰაერო სივრცეში ხუთშაბათს შევიდა.
Reuters-ის ფოტოგრაფი, რომელიც პროცესს აკვირდებოდა, იტყობინება, რომ ბუშტი ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო, მაგრამ ის არ აფეთქდა, არამედ უბრალოდ დაშვება დაიწყო. ჩამოგდებული ბუშტი ატლანტის ოკეანეში ჩავარდა, საიდანაც მისი ან მისი ფრაგმენტების ამოღება იგეგმება შემდგომი შესწავლისთვის.
მანამდე, შაბათს, ჩინეთმა მოუწოდა აშშ-ს სიმშვიდე და „ცივი გონება“ შეენარჩუნებინათ ინციდენტის გამოძიებაში, ხოლო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ გაუმკლავდება „ჯაშუშურ ბუშტს“.
ამერიკაში თავიდანვე გაისმა მოწოდებები ამ არასრულყოფილად იდენტიფიცირებული მფრინავი ობიექტის ჩამოგდებაზე, მაგრამ სამხედროებს არ სურდათ ბურთის ჩამოგდება, რადგან ის სამოქალაქო ავიაციის მიერ გამოყენებული საჰაერო დერეფნების ზემოთ იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა ჰაერში, მაგრამ მისი ფრაგმენტების მიწაზე დაცემის შემთხვევაში შეიძლება ვინმე დაშავებულიყო.
შაბათს, აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე დახურა სამი აეროპორტი, მათ შორის სამხრეთ კაროლინაში მდებარე მირტლ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ჩინური ბუშტი ჰაერის ნაკადებმა წაიღო.
FAA-მ ასევე დახურა საჰაერო სივრცე სამხრეთ კაროლინას სანაპიროზე სამოქალაქო ფრენებისთვის, რომელშიც საჰაერო ძალები და აშშ-ს სანაპირო დაცვის თვითმფრინავები პატრულირებდნენ.
მას შემდეგ, რაც გასულ ხუთშაბათს აშშ-ს საჰაერო სივრცეში გიგანტური ჩინური „ჯაშუშური ბუშტი“ შენიშნეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააუქმა ოფიციალური ვიზიტი პეკინში და პეკინის ქმედებებს უპასუხისმგებლო უწოდა.
თუმცა, საქმე ერთი ბუშტით არ დასრულებულა: მოგვიანებით, პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი ასეთი ჩინური „მზვერავი ბუშტი“ ლათინური ამერიკის თავზე ნახეს.
ამერიკული მხარის ცნობით, ჩინურმა საფრენმა აპარატმა, რომელიც პირველად გამოჩნდა, მაღალ სიმაღლეზე გაიარა ალასკასა და კანადის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც იგი მონტანას თავზე აღმოჩნდა, სადაც განთავსებულია ამერიკული ბალისტიკური რაკეტების გამშვები შახტებია განთავსებული. ამ რაკეტებს ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ.
ინციდენტმა გააღიზიანა ამერიკის ხელმძღვანელობა და ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის “მზვერავი ბუშტის” გამოჩენა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არის აშშ-ს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, ასევე უპასუხისმგებლო ნაბიჯი, და განსაკუთრებით მიუღებელი ჩინეთში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის დაგეგმილი ვიზიტის წინ.
ბლინკენი 5-6 თებერვალს პეკინში ჩასვლას აპირებდა, რათა განეხილა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოება, ტაივანი და კოვიდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩინეთის “ჯაშუში ბუშტი” ბოლოს მისურის თავზე გამოჩნდა, ვიზიტი გაუქმდა.
პეკინი დიდხანს დუმდა, მაგრამ პარასკევს აღიარა, რომ ეს მართლაც მისი ბუშტი იყო, მაგრამ არა სადაზვერვო ბუშტი, არამედ მშვიდობიანი მეტეოროლოგიური ზონდი, რომელიც უამინდობის გამო კურსიდან გადავიდა, რის გამოც პეკინი სინანულს გამოხატავს.
შაბათს კი, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩინეთი „არასდროს შეჭრილა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიაზე ან საჰაერო სივრცეში“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა განიხილა ინციდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან და შეახსენა კომუნიკაციის არხების გახსნის აუცილებლობა ყველა დონეზე და სიმშვიდისა და საღი აზრის შენარჩუნების აუცილებლობა, “განსაკუთრებით მოულოდნელი სიტუაციების წინაშე”.
იმავდროულად, პენტაგონმა აღმოაჩინა მეორე ჩინური “მზვერავი ბუშტი” – ახლა უკვე ლათინური ამერიკის თავზე. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა არ იყო ცნობილი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბურთი კოსტა რიკასა და ვენესუელას თავზე ნახეს.
ჩინეთს ჯერ არ განუმარტავს იქ მეორე ბუშტის გამოჩენა.