აშშ–მ ოცნების დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების და ძალოვანების მიმართ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა

აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა ივანიშვილის ხელისუფლების რამდენიმე ათეულ წარმომადგენელს,  მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს. ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მიელრმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის სანქციების პირველი ტალღა. დასანქცირებულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მილერმა განაცხადა,  რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი პაკეტი  საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მიიღო.

“სანქციები მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაშიდა,  როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება საქართველოს ხელისუფლების მიერ, და მათი ოჯახის წევრებს.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის განახორციელოს დამატებითი ქმედებები.

ეს არის სანქციების პირველი პაკეტი. ჩვენ, როგორც წესი, ხალხს არ ვაცნობებთ საჯაროდ, მაგრამ ისინი (სანქცირებულები) იგებენ, შეძლებენ თუ არა შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას…

კონკრეტულ სახელებს ვერ დაგისახელებთ. ეს ახლა არ არის სწორი შეკითხვა, მაგრამ შეგახსენებთ ყველას, რომ სავიზო ჩანაწერები კანონის თანახმად კონფიდენციალურია, ამიტომ ვერ გეტყვით რაიმე კონკრეტულს. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გადავხედეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში და რომლებმაც დემოკრატიის შელახვის მიზნით განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები მშვიდობიანი მომიტინგეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად. როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენი მოქმედებების სერიაში, – განაცხადა მილერმა.