აშშ–მ უნდა შეაიარაღოს უკრაინა ახლავე, სანამ ძალიან გვიან არ არის–დასავლელი ექსპერტების მიმართვა ბაიდენის ადმინისტრაციას

ოცამდე ამერიკელმა ექსპერტმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მათ შორის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დიპლომატებმა და გადამდგარმა სამხედროებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდეს უკრაინას მიაწოდოს ყველაფერი, რაც რუსეთთან ომში გამარჯვებისთვის ჭირდება, კერძოდ 300 კილომეტრის სიშორის რაკეტები HIMARS–ის სისტემისთვის.

ღია წერილი საათაურით: “აშშ–მ უნდა შეაიარაღოს უკრაინა ახლავე, სანამ ძალიან გვიან არ არის“, ავტორიტეტულ ვაშინგტონურ გამოცემა The Hill–ში გამოქვეყნდა.

ხელმომწერი ექსპერტები თვლიან, რომ ამერიკის ამჟამინდელი ხელისუფლება უკრაინას საკმარის იარაღს აწვდის იმისთვის, რომ “პატური სიტუაცია შეიქმნას“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის რუსების მიერ წართმეული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

წერილის ავტორების აზრით, ამგვარად თეთრმა სახლმა შესაძლოა “გამარჯვების ხელისდან დამარცხება გამოადნოს“.

წერილის ხელმომწერები ამბობენ, რომ თეთრ სახლს ეშინია კიევს გადასცეს იარაღის ზოგიერთი სახეობა, რადგან არ უნდა რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის  პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება. ეს მომეტებული სიფრთხილე კი იწვევს იმას, რომ “ჩვენ არსებითად ხელში ვაძლევთ ინიციატივას პრეზიდენტ პუტინს და ვასუსტებთ ზეწოლას მოსკოვზე, რომელიც აგრესიის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისადმი უფრო სერიოზული დამოკიდებულების გამოჩენისკენ უნდა იყოს მიმართული“– წერენ ავტორები.

აუცილებელი შეიარაღების და ეკონომიკური დახმარების არსებობის შემთხვევაში უკრაინას შეუძლია რუსეთის დამარცხება–თვლიან წერილის ავტორები. ასეთ შეიარაღებად ისინი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-ებს თვლიან, რომლებიც მათი აზრით, დიდი რაოდენობით უნდა გაიგზავნოს უკრაინაში, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მათი ზემოქმედება ბრძოლის ველზე.

“უკრაინას ჭირდება შორეული რადიუსის განადგურების საშუალებები, რათა რუსეთის შეტევა შეაჩეროს და ხელი შეუშალოს მისი რესურსების – საბრძოლო მასალების და საწვავის შევსებას. ეს ნიშნავს, რომ აშშ–მ უნდა გაგზავნოს ATACMS –ის რაკეტები HIMARS–ის სისტემებისთვის 300 კილომეტრის მოქმედების რადიუსით, რაც აუცილებელია რუსულ სამხედრო მიზნებზე დარტყმის მისატანად უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმში.“– ნათქვამია წერილში.

უკრაინა უკვე კარგა ხანია ცდილობს აშშ–სგან ATACMS –ის რაკეტების მიღებას, თუმცა ჟურნალისტების ინფორმაციით ბაიდენის ადმინისტრაცია უარს ამბობს კიევისთვის მათ მიცემაზე რადგან ეშინია დარტყმების რუსეთის ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებული ესკალაციის.

წერილის ხელმომწერებს შორის არიან: ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილი მეთაურები, ფილიპ ბრიდლავი და უესლი კლარკი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფლი მაღალჩინოსნები – კურტ უოლკერი, პოლა დობრიანსკი, დევიდ კრამერი, დენიელ ფრიდი და სტივენ სესტანოვიჩი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე და რუსეთში აშშ–ს ყოფილი ელჩი, ალექსანდრ ვერშბოუ, ასევე აშშ–ს ყოფილი ელჩები უკრაინაში, ჯონ ჰერბსტი , უილიამ ტეილორი და მერი იოვანოვიჩი.

წერილის პასუხად აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ უკვე აწვდის უკრაინას ყველაფერს, რაც მას გამარჯვებისთვის ჭირდება თავდაცვის პრინციპის საფუძველზე.

“ამასთან, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთის აგრესიის გადაზრდა უფრო მაშტაბურ კონფლიქტში და ამ ომის გავრცელება უკრაინის ფარგლებს გარეთ, მთელ ევროპაზე; ნატოსა და აშშ–სა და რუსეთს შორის პოტენციური კონფლიქტის დაწყება ეწინააღმდეგება როგორც უკრაინის, ასევე ნატოს და ევროპის ინტერესებს. ეს არავისთვის არის მომგებიანი“– თქვა პრაისმა.