აშშ–მ შესაძლოა პუტინს პირადი სანქციები დააკისროს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა პირველად გახდეს აშშ–ს პერსონალური სანქციების ობიექტი. ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა, რომელშიც ორივე პარტიის წარმომადგენლები შედიან, მოამზადა კანონპროექტი რუსეთის ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის შესახებ ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო.

“პუტინის ხელისუფლებას გრძელი და ბინძური ისტორია აქვს მკვლელობისა და თავდასხმების გამოყენებისა რუსეთის მოქალაქეების გასაჩუმებლად…, რომლებიც რეჟიმის კორუმპირებულობას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ამხელენ“– განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას სენატორმა კრის კუნსმა.

დოკუმენტი სახელწოდებით “მტრული ქმედებების გამო რუსეთის პასუხისმგებლობა“ აშშ–ს ადმინისტრაციისგან მოითხოვს  მისი დამტკიცებიდან 90 დღის განმავლობაში წარუდგინოს კანონმდებლებს ცნობები ყოფილი და ამჟამინდელი რუსი ჩინოვნიკების, ასევე იმ პირების შესახებ, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით მოქმედებდნენ და ჩართულნი იყვნენ ნავალნის მოწამვლაში გასული წლის აგვისტოში. თეთრი სახლი ვალდებული იქნება გაარკვიოს, დაარღვია თუ არა რუსეთის ხელისუფლებამ კანონები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს.

180 დღის განმავლობაში ადმინისტრაციამ კონგრესს ასევე უნდა გადასცეს მთელი ინფორმაცია ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ, რომელიც მოსკოვში, საკუთარ სახლთან 2015 წლის თებერვალში მოკლეს.

კანონპროექტის ერთ–ერთი პუნქტი აშშ–ს პრეზიდენტისგან მოითხოვს კანონმდებლებს წარუდგინოს ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის და მისი ოჯახის წევრების პირადი ქონების წყაროებისა და მოცულობის შესახებ.

2016 წელს აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკვე დიდი ხანია ფლობენ ინფორმაციას პუტინის კორუმპირებულობის შესახებ, მათ შორის მონაცემებს ენერგეტიკასთან დაკავშირებული მისი საიდუმლო საინვესტიციო პროექტების შესახებ. ამასთან, დღემდე ამერიკის ოფიციალური პირები ცდილობდნენ კომენტარი არ გაეკეთებინათ რუსეთის ლიდერის პირადი ქონების შესახებ ინფორმაციაზე.