აშშ–მ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი ალიანსი შექმნა

აშშ–მ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და იაპონიამ არაფორმალური კავშირი – Partners in the Blue Pacific შექმნეს, რათა წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოებთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები განავითარონ და ჩინეთს წინ აღუდგნენ. ამის შესახებ სააგენტო როიტერსი წერს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ უფრო მეტ რესურსებს მიმართავს ინდოეთ–წყნარი ოკეანის რეგიონში, რადგან ჩინეთი ცდილობს ეკონომიკური და სამხედრო კავშირები განამტკიცოს წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოებთან, რომლებსაც უცხოური ინვესტიციები ესაჭიროებათ.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ახალი არაფორმალური კავშირი აპირებს დაეხმაროს ფიჯის, პალაუს, სამოას და მარშალის კუნძულებს პრობლემების ფართო სპექტრის გადაჭრაში, რომელთა შორის არის კლიმატის ცვლილების და უკანონო თევზჭერის საკითხები.

აშშ გეგმავს ამ ქვეყნებს კორონავირუსის მეტი ვაქცინა მიაწოდოს. ასევე, გაგზავნოს რეგიონის ლიდერები აშშ–ში საგანმანათლებლო კურსებზე.

“ჩვენ ერთიანი ვართ გადაწყვეტილებაში, მხარი დავუჭიროთ რეგიონს, ეს გადაწყვეტილება წყნარი ოკეანის რეგიონის ხალხებისთვის დიდ სიკეთეს მოიტანს. . ერთიანი ვართ ამ ხედვის განხორციელებაში – წყნარი ოკეანის რეგიონალიზმის პრინციპების, სუვერენიტეტის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, პირველ რიგში კი ამ რეგიონის კუნძულების ინტერესების დაცვით. “– აცხადებს თეთრი სახლი.

აშშ მზად არის რეგიონში გაგზავნოს მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები და აქტიურად დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები კუნძულოვან სახელმწიფოებთან, რომლებსაც ხანდახან ნაკლები ყურადღება ეთმობა. კავშირისადმი ინტერესი უკვე ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, სხვა სახელმწიფოებმაც გამოთქვეს. მათ შორის არიან სამხრეთ კორეა, კანადა და გერმანია.

ამბობენ, რომ ინიციატივით დაინტერესებულია საფრანგეთიც, თუმცა უნდა მეტი კონსულტაციები გაიაროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ჩინეთმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების პაქტს სოლომონის კუნძულებთან, რაც ჩინეთს ნებას აძლევს კუნძულებზე საკუთარი ჯარები და გემები განალაგოს. დოკუმენტმა სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ–ს შეშფოთება გამოიწვია, იმის გამო, რომ ჩინეთმა შეიძლება სამხედრო–საზღვაო ბაზა ააშენოს რეგიონში, რომელიც ახლოს მდებარეობს ჰავაისთან და კანბერესთან.