აშშ პირდაპირ დაემუქრება ზომების მიღებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ ფირმებს

შეერთებული შტატები პირდაპირ მიმართავს ფირმებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში და მათ მძიმე შედეგებითდაემუქრება. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ უოლი ადეემომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ პირდაპირ ამ კომპანიებს მივმართოთ და ძალიან მკაფიოდ ვუთხრათ: თქვენ თვითონ აირჩიეთ. შეგიძლიათ გააგრძელოთ იმის კეთება, რაც სასარგებლოა რუსეთისთვის და მისცეთ მას ხელშესახები მხარდაჭერა, მაგრამ შემდეგ რისკავთ იმით, რომ  დაკარგავთ წვდომას ევროპის და აშშ–ს ეკონომიკაზე,  ბრიტანეთის ეკონომიკაზე. არჩევანი თქვენზეა. ჩვენ მზად ვართ ასეთი ქმედებებისთვის”, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილემ.

უოლი ადეემოს თქმით, ამერიკელებს ამ მხრივ განსაკუთრებით აწუხებთ ფირმები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ირანიდან, თურქეთიდან და რუსეთის ზოგიერთი უშუალო მეზობელი ქვეყნებიდან.

ფინანსთა მდივანმა თქვა, რომ აშშ ასევე მიმართავს ბანკებს, რომლებიც მუშაობენ შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, ბრიტანეთში და იაპონიაში და სთხოვს მათ გააფრთხილონ თავიანთი მომხმარებლები, რომ ისინი რისკის ქვეშ არიან და დაკარგავენ ფინანსურ სერვისებზე წვდომას ამ ქვეყნებში, თუ ისინი დაკავებულნი იქნებიან სანქციების გვერდის ავლით.