აშშ რუსეთს, უკრაინის რეგიონების ანექსიისთვის, ახალ სანქციებს უწესებს

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესახებ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

როგორც ცნობილია,  სანქციების ახალ პაკეტში 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი და ორგანიზაციაა შესული, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არიან დაკავშირებული. სანქცირებულ პირებს შორის არიან : რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ოჯახები, სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრი, რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭო და მისი 169 წევრი.

აშშ-ის უმაღლესი დიპლომატის ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უწესებს სავიზო შეზღუდვებს: „910 პირს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედროებს, ბელორუსის სამხედრო ჩინოვნიკებს და რუსეთის მარიონეტებს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევის გამო“. 

დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის მოქალაქეს, ოჩურ-სუგე მონგუშს, უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში მონაწილეობისთვის

  • „ამ გადაწყვეტილებით, მონგუშსა და მისი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა”,- თქვა ბლინკენმა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინმა  უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადების შემდეგ, ზელენკის ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომისკენ მოუწოდა, თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას მანამ სანამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქნება.