ამერიკელების რამდენიმე თვიანი გაფრთხილების შემდეგ,რომ უკრაინა უნდა დატოვონ, სამშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ აპირებს დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ მოქალაქეებს ამ ქვეყნის შიგნით გადაადგილებაში.
აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კვლავ გააფრთხილა უკრაინაში მყოფი ამერიკელები საფრთხის შესახებ და ხაზი გავსვა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შეიძლება უკრაინის სხვადასხვა რაიონში დარტყმები გააძლიეროს.
“თვეობით ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ იქ არ უნდა ყოფილიყვნენ“– ციტირებს ამერიკული მედია ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის სიტყვებს.
“თუ ვინმე დარჩა, ახლა ზუსტად ის დროა, რომ დაიწყოს დაგეგმვა, როგორ გამოაღწიოს ქვეყნიდან“– ამბობს კირბი.
ამასთან, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი არ გეგმავს რაიმე სწრაფ ცვლილებებს უკრაინაში დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე არსებობს.
კირბის განცხადებით, დიპლომატები სიფრთხილის დამატებით ზომებს მიიღებენ, თუმცა კიევის დატოვებას არ აპირებენ.