აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის – კელი დეგნანი

” აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის “- ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გორში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს დილიდან გორში ვიყავი, ამიტომ კონგრესმენების წერილს არ გავცნობივარ, თუმცა გეტყვით, რომ რამე სახის წერილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან, ზრუნავენ და საქართველო მათთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია. წლების მანძილზე ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მინდა მაგალითად მოვიყვანო კორონავირუსთან დაკავშირებული თანამშრომლობა, როდესაც მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშავა ვირუსის მართვის კუთხით და ამ პრობლემების გადალახვის შედეგად ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ვეძებთ ახალ გზებს, რათა გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობა. მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები კი საკანონმდებლო შტოს, თუმცა ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა  კელი დეგნანმა.

 

ცნობისთვის, დღეს კელი დეგნანი  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალს სტუმრობდა. კელი დეგნანი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევას შეხვდა.