რუსეთის მტკიცებით, აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშშია საუბარი.
“ამერიკელები საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა”. – წერია რუსული დაზვერვის ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებისთვის დამკვირვებლების მობილიზებას იწყებენ და მათ გაყალბების “ეჭვგარეშე ფაქტების” იდენტიფიცირება და დაფიქსირება ევალებათ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართულ ოცნებას, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ხმების დამაჯერებელი რაოდენობის მიღება შეუძლია, ვინაიდან ამერიკელების შრომის მიუხედავად, ოპოზიცია დაქსაქსული, ხოლო მის მიერ შექმნილი ალიანსები არამდგრადია. ამასთანავე კი წერია, რომ აშშ-ს ეშინია, რომ არჩევნებში გამარჯვება მმართველ პარტიას “სუვერენული კურსის გაგრძელებისა და დასავლეთის იმ მოთხოვნების არშესრულების საშუალებას მისცემს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღდეგება”.
“თეთრი სახლისთვის ასეთი სცენარი მიუღებელია. აშშ არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას და ქართული ოცნების ელექტორატის შესუსტებას ეცდება”. – წერია ანგარიშში.