აშშ-სგან ვაქცინას რამდენიმე კვირაში მივიღებთ, რაოდენობას არ დავასახელებ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აშშ–სგან საქართველო ვაქცინას საჩუქრად მიიღებს რამდენიმე კვირაში.

მისივე განცხადებით, დოზების რაოდენობა მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ დაასახელებს.

“იცით, პრეზიდენტ ბაიდენის განცხადების შემდეგ მთელმა რიგმა ქვეყნებმა ამერიკის დახმარება უნდა მიიღონ, ანუ დონაცია და, მათ შორის, საქართველო მიიღებს. მე ვიცი, მაგრამ ჯერ არ დავასახელებ რაოდენობას დოზების, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია – ამერიკული წარმოების დოზების. ამაზე დაიწყო მოლაპარაკება და სულ რამდენიმე კვირაში საქართველო, ალბათ, ამ დონაციის პირველ პარტიებს მიიღებს.

ვფიქრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინების დეფიციტი და ის მწარე გამოცდილება, რომელიც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში შეგვექმნა, აღარ უნდა განმეორდეს ქვეყანაში და ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული – როგორი იმუნური სტატუსით შევხვდებით შემოდგომას”,– თქვა გამყრელიძემ.