საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ივანიშვილსა და ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატებისთვის მნიშველოვანია, რომ საქართველო არ გახდეს სანქციების თავიდან არიდების ადგილი.
”მე გავიგე სატელეფონო საუბრებზე ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის და ვნახე ბევრი სხვადასხვა პასუხი და განმარტება. აშშ-სთვის მთავარია, რომ საქართველო არ გახდეს სანქციების თავიდან არიდების ადგილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები ეფექტურია, მუშაობს. პირველი საკითხი, რასაც რუსები წამოწევენ ხოლმე, როცა ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ სანქციების მოხსნაა, ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ მათ სანქციებს აქვთ გავლენა და მუშაობენ. ისინი საუკეთესოდ იმუშავებენ, თუ ყველა იდგება ერთად სანქციების განხორციელებაში, რათა პუტინის დაარწმუნონ, დაასრულოს ის ომი, რომელიც მან დაიწყო.
მე მოხარული ვიყავი, როცა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციების თავიდან არიდებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით.
ეს არის ყველაზე ეფექტური გზა შევაჩეროთ ომი და მისი გავრცელება, რაც არავის უნდა. არავის უნდა, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე. მე ბევრ პოლიტიკურ ლიდერს ვესაუბრე და არცერთ პოლიტიკურ ლიდერს, რომელსაც ვესაუბრე, არცერთი პოლიტიკური პარტიიდან არ უსაუბრია საქართველოს ომში ჩართვაზე.
ვფიქრობ, რომ ერთმანეთზე თავდასხმები, ერთმანეთისთვის მოღალატის, პრორუსის, ან ომის პარტიის წოდება ზუსტად ისაა, რაც საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს ახლა ერთად დგომა სჭირდება. ერთად დგომა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებაში. ერთმანეთთან, ქართველებს შორის დაპირისპირება მხოლოდ რუსეთს ეხმარება. ამიტომ მე გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ქართველები გაამართლებენ საკუთარ დევიზს “ძალა ერთობაშია”. – ამბობს კელი დეგნანი.