აშშ–ს არ აქვს საქართველოს ამ ომში ჩართვის ინტერესი. ამ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს–აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოცნების რიტორიკაზე

„მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს საქართველოს ამ ომში ჩართვის ინტერესი“, – ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

დონფრიდი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში, რეგიონის მიმართ პოლიტიკის წარმართვა აკისრია, პასუხობს მმართველი უმრავლესობის წევრების დაუსაბუთებელ თავდასხმებს შეერთებულ შტატებზე, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ინტერვიუში ის ასევე საუბრობს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესა და მისი ჯამრთელობის საკითხზე. სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

ჟურნალისტის ერთ–ერთი კითხვა  საქართველოს მმართველი უმრავლესობის თავდასხმებს ეხებოდა შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებზე და განცხადებები, რომ ისინი ცდილობენ საქართველოს ჩათრევას ამ ომში.

–ვაშინგტონში ამაზე აქტიური საუბარი არ მიდის. მეტიც, ცოტა ხნის წინ, თავდაცვის მდივანმა საქართველოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაზე განაცხადა, როცა ლოიდ ოსტინი ქართველ კოლეგას შეხვდა. რამდენად თანმიმდევრულია აშშ-ის პოლიტიკა, როდესაც ვხედავთ მმართველი კოალიციის პირდაპირ თავდასხმას შეერთებულ შტატებზე და ამ დროს ვაშინგტონიდან ისმის განცხადებები, რომ საქართველო პარტნიორია?

ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ ვფიქრობ, რომ საქართველო, ალბათ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებზე მეტად იცნობს რუსეთის ხელწერას და თქვენ კარგად იცით, რა გააკეთა რუსეთმა 2008 წელს და არ გვავიწყდება ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები [საქართველოსთვის] გასაგებია. საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღეს უკრაინელების გვერდით დგას. ჩვენ გვესმის დაუცველობა, რომელსაც საქართველო განიცდის. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ადმინისტრაციაში არავინაა, ვისაც სურს საქართველო, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ამ ომში ჩართული ნახოს., თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ადმინისტრაცია დიდ დროს ხარჯავს იმაზე, რომ ომის ესკალაცია არ მოხდეს და ეს დარჩეს ომად რუსეთსა და უკრაინას შორის.

ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, როგორც მოგეხსენებათ, უკვე ათწლეულებია, რაც აშშ-ს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს.

რაც შეეხება ტრანს-ატლანტიკური ინტეგრაციის ტრაექტორიას, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო და მხარს ვუჭერთ მთავრობის ნაბიჯებს გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა. ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ რეფორმების განხორციელების პროცესში.

– ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ, რას უპასუხებდით ამ თავდასხმებს და იმ ანტი-დასავლურ განცხადებებს, რომლებიც ისმის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?

მე ღრმა სოლიდარობას ვუცხადებ კელი დეგნანს, ჩვენს ელჩს საქართველოში. კელი დეგნანს სახელმწიფო მდივნის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან სრული ნდობა აქვს და ვფიქრობ, რომ ის ფენომენალურად უძღვება საქმეს.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუპასუხეთ იმ უსამართლო კრიტიკას, რომელიც საქართველოში ელჩი დეგნანის წინააღმდეგ გვესმოდა. გუშინ ჩვენ დეგნანის შემცვლელი დავასახელეთ, რობინ დანიგენი, რომელიც ამჟამად ჩემი მოადგილეა. და მე ვიტყვი, რომ კელი დეგნანის და რობინ დანიგენის სახით საქართველო საუკეთესო ამერიკული დიპლომატებს მასპინძლობს.

–იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისმის, სად დგას დღეს საქართველო, როცა რუსეთ-უკრაინის ომს ეხება საქმე?

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს საქართველოს ამ ომში ჩართვის ინტერესი. ამიტომ ამ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. ეს მინდა მკაფიოდ ვთქვა. ჩვენი მიზანი უკრაინაში, ომის დასრულებაა და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ესაა ჩვენი მიზნები.

–შემდეგი შეკითხვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს შეეხება. ჩვენ ვიხილეთ განცხადებები შეერთებული შტატების მხრიდან მისი ჯანმრთელობის შესახებ და რომ მის ჯამრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია. თუმცა არა მის სტატუსზე. ხედავს თუ არა შეერთებული შტატები მას პოლიტიკურ პატიმრად?

გარწმუნებთ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს. როგორც საჯაროდ და ასევე კერძო საუბრებშიც საქართველოს მთავრობას ბევრჯერ ვუთხარით, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს და მათი ბოლო ვიზიტის შემდგომი შეფასებით, მათი თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.

–მაგრამ რაც შეეხება იმას, ხედავთ თუ არა მას პოლიტპატიმრად, ამაზე პირდაპირ არ მიპასუხებთ?

აქ შევჩერდები ჩემს შეფასებაში.

–და ბოლოს, მინდა მედია მენეჯერზე, ნიკა გვარამიაზე გკითხოთ, რომელიც როგორც ბევრი საქართველოში თვლის, დაუსაბუთებელი განაჩენით დააპატიმრეს. როგორ წარმოაჩენს მისი საქმე საქართველოს სასამართლო სისტემის ზოგად მდგომარეობას შეერთებული შტატების შეფასებით?

დიახ, მე აღვნიშნე ჩვენი ზოგადი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის თაობაზე. ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ამაზე ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვმუშაობთ. ჩვენს შეშფოთებას მათ რეგულარულად ვუზიარებთ და ეს არის ის რის განხილვასაც მათთან გავაგრძელებთ.

წყარო: ამერიკის ხმა