CBS News-ის ცნობით, აშშ-ს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება მიიღეს. გამოცემა დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ ახლა ადგილზე მეთაურები ადგენენ კონკრეტულ გეგმას, როგორ განახორციელონ მანევრირება ბრძოლის ველზე თავიანთ სექტორებში.
CBS News-ის ეროვნული უსაფრთხოების კორესპონდენტის, დევიდ მარტინის თქმით, დაზვერვა მიუთითებს, რომ “ისინი [რუსები] აკეთებენ ყველაფერს, რასაც იზამდნენ ამერიკელი გენერლები მას შემდეგ, რაც მიიღებდნენ შეჭრის დაწყების ბრძანებას”.
ცნობისთვის, უკრაინის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. რუსეთს დაახლოებით 150 ათასი ჯარისკაცი შეკრებილი ჰყავს საზღვართან და დონეცკისა და ლუგანსკის კონტროლირებადი რეგიონებიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებს ბომბავს. უკრაინის ცნობით, რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის შეთანხმებებს. უკრაინის მხარეს არის მსხვერპლი – დაიღუპა 2, ხოლო დაიჭრა 4 ჯარისკაცი.