ამერიკული გამოცემა New York Times–ის წყაროების ინფორმაციით ამერიკის მთავრობიდან, რუსეთის სამხედრო მეთაურობას დისკუსია ქონდა იმის შესახებ, როდის და როგორ შეიძლება რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინი ასეთ საუბრებში არ მონაწილეობდა, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თეთრ სახლს აშფოთებს, რადგან ის პირდაპირ მიუთითებს, რა მდგომარეობაში არიან რუსი გენერლები უკრაინაში მათი არმიის წარუმატებლობების ფონზე.
იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღის თემა რუსულ სამხედრო წრეებში განიხილება, ამერიკის დაზვერვამ აშშ–ს ხელისუფლებას ოქტომბრის შუა რიცხვებში აცნობა. ამასთან, ამ ეტაპზე არ შეინიშნება შეიარაღების მომზადების ან რაიმე სხვა მზადების ნიშნები ბირთვული დარტყმისთვის, აზუსტებენ სპეცსამსახურები.
ოთხშაბათს ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თეთრი სახლის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. პენტაგონში ვარაუდობენ, რომ რუსეთის განკარგულებაში დაახლოებით ორი ათასი ტაქტიკური ბირთვული ქობინია.
რუსული ბირთვული საფრთხე ვაშინგტონში სერიოზულად აღიქმება – წერს New York Times და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქტომბრის შუა პერიოდიდან თერმა სახლმა მის მოკავშირეებთან ერთად რიგი ნაბიჯები გადადგა დაპირისპირების გრადუსის შესამცირებდა.
კერძოდ, საქმე ეხება სატელეფონო საუბრებს დასავლელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის, რომელთა ვინაობა არ სახელდება.
ექსპერტების აზრით, ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია რუსული სამხედრო ელიტის განწყობების შესახებ ყურადღებას იმსახურებს.
ერთის მხრივ, მათი თქმით ტაქტიკური დარტყმა წინასწარი მომზადების გარეშე ვერ განხორციელდება. აუცილებელია რიგი ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც დასავლური სპეცსამსახურები აუცილებლად შენიშნავენ.
თუმცა, მეორეს მხრივ, გამოვლენის და შეტყობინების სისტემები არასრულყოფილია, და ძნელი გამოსაცნობია, რამდენად დროულად შეძლებენ დაზვერვები დარტყმის მზადების შესახებ საკუთარი მთავრობების ინფორმირებას.