აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ წარადგინეს.
კანონპროექტი “საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და სხვა მიზნებისათვის” უკვე დარეგისტრირდა. მასში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიული ღირებულებების, კანონიზ უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობის და ევრო-ატლანტიკური ინტერგრაციის მხარდაჭერაზე.
საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებით.
გარდა ამისა, კანონპროექტში მითითებულია, რომ საქართველოს, როგორ ნატოს პარტნიორ ქვეყანას, დახმარება უნდა გაეზარდოს. ამასთან, აშშ-მ უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის დაეხმაროს საქართველოს სამთავრობო კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების გაზრდაში, რუსეთის ინფორმაციასა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების შემცირებაში და საერთაშორის კიბერ-უსაფრთხოების ქსელში ჩართვაში.
კონგრესმენი ადამ კინზინგერის განცხადებით, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ დგას ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
მისივე თქმით, აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი საქართველო დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობდა, ამიტომ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა მნიშვნელოვანია.