ამერიკელების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას. ამის შესახებ ჩიკაგოს საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევაშია საუბარი.
კვლევის მთავარი შედეგები ასეთია: ჯამში ამერიკელების 81% ამბობს, რომ აშშ–მ უნდა შეინარჩუნოს(61%) ან გაზარდოს (19%) მხარდაჭერა ნატოს მიმართ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1974 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ჩიკაგოს საბჭომ მსგავსი კვლევები დაიწყო.
მხარდაჭერა ორპარტიულია, თუმცა ნატოს უფრო მეტად დემოკრატები უჭერენ მხარს. მხარდაჭერის მაჩვენებელი დემოკრატებიში 90 პროცენტია, დამოუკიდებელ ამომრჩევლებში 78%, რესპუბლიკელებში კი 75%.
ორპარტიული უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში ახალი წევრების – ფინეთის, შვედეთის, უკრაინის და საქართველოს მიღებას.
გამოკითხულთა მხოლოდ 11% ამბობს, რომ ამერიკამ უნდა შეამციროს, 5% კი ამბობს, რომ საერთოდ უნდა შეწყვიტოს ნატოს მხარდაჭერა.
ამერიკულ საზოგადოებაში დიდი ნდობა აქვთ ნატოს ლიდერებს. ამერიკელების 64% თვლის, რომ ნატოს ლიდერები შეძლებენ ისეთი პოლიტიკის გატარებას, რაც ამერიკისთვის ხელსაყრელია.
რაც შეეხება ახალი წევრების მიღებას, კითხვაზე, ემხრობით თუ არა NATO-ში ჩამოთვლილი ქვეყნების გაწევრიანებას, მაშინაც კი თუ NATO-ს წევრ ქვეყნებს მომავალში რუსეთის პოტენციური აგრესიისგან მათი დაცვა მოუწევთ, პასუხები ასე გადანაწილდა:
ფინეთი – 76%
შვედეთი – 76%
უკრაინა – 73%
საქართველო – 67%
ამ შემთხვევაშიც მხარდაჭერა უფრო მაღალია დემოკრატებში, ვიდრე რესპუბლიკელებში.
ჩიკაგოს საბჭოს გამოკითხვა 2022 წლის 15 ივლისიდან 1 აგვისტოს პერიოდში Ipsos-ის მიერ მისი ფართომასშტაბიანი ონლაინ კვლევის პანელის, KnowledgePanel-ის გამოყენებით ჩატარდა. ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიკითხა 3 106, 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი. ცდომილების ზღვარი სრული ნიმუშისთვის +/- 1,8 პროცენტია.
პარტიული კუთვნილებია დადგენილია იმის მიხედვით, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერად დააიდენტიფიცირა თავი კვლევის მონაწილემ.