აშშ–ს საელჩო მოსკოვში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს მობილიზაციის გამო რუსეთი სასწრაფოდ დატოვონ.
“აშშ–ს მოქალაქეები არ უნდა ჩავიდნენ რუსეთში, მათ კი, ვინც რუსეთში ცხოვრობს ან იქ მოგზაურობს, სასწრაფოდ უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ ჯერ კიდევ რჩება შეზღუდული შესაძლებლობა კომერციული მგზავრობისთვის“–ნათქვამია რუსეთში აშშ–ს საელჩოს განცხადებაში, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება რუსეთისა და აშშ–ს ორმაგი მოქალაქეობა არ აღიაროს და ასეთი დოკუმენტების მქონე ადამიანებს უარი უთხრას აშშ–ს საკონსულო დახმარებაზე, ხელი შეუშალოს რუსეთიდან მათ გასვლას და სამხედრო სამსახურში გაიწვიოს.
“შევახსენებთ აშშ–ს მოქალაქეებს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება და სიტყვის თავისუფლება რუსეთში გარანტირებული არ არის. თავი არიდეთ ნებისმიერ პოლიტიკურ ან სოციალურ პროტეტსტს და არ გადაუღოთ ფოტოები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ამ ღონისძიებებზე. რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა აშშ–ს მოქალაქეები, რომლებიც დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ“– წერს საელჩო.
თავიდან რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ერთი კვირის წინ გამოცხადებული მობილიზაცია მხოლოდ 300 ათას ადამიანს შეეხებოდა, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს. რეალურად კი გაირკვა, რომ ომში გაწვევის საბუთს ქაოსურად არიგებენ, იმის დამტკიცება კი, რომ ადამიანი გაწვევას არ ექვემდებარება ძალიან რთულია.
ამერიკის საელჩომდე საკუთარი მოქალაქეები რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ ბულგარეთმა, პოლონეთმა და ესტონეთმა გააფრთხილეს.