აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას ატარებენ –The New York Times

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეხუთე თვეს დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე აშშ–ს სპეცოპერაციების ძალები უკრაინისთვის საიდუმლო ოპერაციას ატარებენ. ამის შესახებ The New York Times წერს.

გამოცემა წერს, რომ სპეცროპერაციების ძალები უკრაინას იარაღით მომარაგებაში ეხმარებიან, დაზვერვის მონაცემებს გადასცემენ და უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან.

აღნიშნულია ისიც, რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად დაგეგმილი სამუშაოების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხორციელდება – მაგალითად გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ბაზებზე.

“უკრაინელები ცდილობენ თავი დააღწიონ რუსებს, რომლებიც მათი კოლოგების მიზანში ამოღებას ცდილობენ. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ სხვადასხვა ტვირთების გადაადგილების კოორდინაციაში. “– ამბობს აშშ–ს სამხედრო მაღალჩინოსანი კრისტინ ვორმუტი და დასძენს, რომ აშშ–ს ასევე შეუძლია დაეხმაროს უკრაინას იარაღით დატვირთული კოლონებისთვის საშიში ადგილების შესახებ დაზვერვის ინფორმაციის გადაცემით.

პენტაგონის ევროპულმა მეთაურობამ შექმნა ოპერატიული და სადაზვერვო საკოორდინაციო ჯგუფების სისტემა. უცხოელი სპეცრაზმელები ფრონტის წინა ხაზზე არ იბრძვიან, არამედ კონსულტაციას უწევენ სამხედროებს შტაბებიდან ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში, ან დისტანციურად, დაშიფრული კავშირით.

გაზეთი წერს, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლები განაგრძობენ უკრაინაში საიდუმლოდ მუშაობას, ძირითადად კიევში და კოორდინაციას უწევენ უზარმაზარი მოცულობის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.

უკრაინის ტერიტორიაზე მუშაობდა რამდენიმე სპეცრაზმელი ნატოს ქვეყნებიდან, მათ შორის ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან და ლიტვიდან. აშშ–მ მისი 150 სამხედრო ინსტრუქტორი თებერვალში, ომის დაწყებამდე გაიწვია. თუმცა არაერთი მოკავშირე ქვეყნის სპეცრაზმელები დარჩნენ ქვეყანაში და უკრაინულ არმიას კონსულტაციებს უწევდნენ, ასევე უზრუნველყოფდნენ სახმელეთო არხის ფუნქციონირებას იარაღით და სხვა დახმარებით მომარაგებისთვის– წერს The New York Times.