აშშ-ს სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გაცემის გეგმამ ბაზრებზე ფასები შეამცირა

ხუთშაბათს ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები თავისი სტრატეგიული მარაგიდან 180 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემაზე ფიქრობს. სტრატეგიული მარაგის თითქმის 50 წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს ყველაზე დიდი მოცულობა იქნება.

მაისისთვის „ბრენტის“ ვადიანი გარიგებები 6.95 დოლარით, ანუ 6.13 პროცენტით 106.6 დოლარამდე შემცირდა. მაისის კონტრაქტი ხუთშაბათს მთავრდება და ყველაზე აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა ივნისის ვადიან გარიგებებზე, რომელზეც ფასი 6.66 დოლარით, 104.78 დოლარამდე დაეცა. უფრო ადრე, ფასი ბარელზე 7 დოლარით შემცირდა.

შეერთებული შტატების დასავლეთ ტეხასის შუალედური ვადიანი გარიგების ფასი მაისისთვის 7.28 დოლარით, ანუ 6.75 პროცენტით, ბარელზე 100.54 დოლარამდე შემცირდა.

იმ დროს, როდესაც თეთრი სახლი საწვავზე ფასების შემცირებას ცდილობს, ნავთობის სტრატეგიული მარაგიდან სარეკორდო გაცემის მოცულობა გლობალური მოთხოვნის ორი დღის ექვივალენტურია და ბაზრებზე რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვა.

„გოლდმენ საქს“-ის ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯი ნავთობის ბაზრებს 2022 წელს ხელახლა დაბალანსებაში დაეხმაროს, მაგრამ საკითხს საბოლოოდ ვერ გადაჭრის.

ოთხშაბათს ნავთობის ფასმა დაახლოებით 3 პროცენტით მოიმატა, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის – რომელიც მსოფლიოში ნავთობის მეორე უდიდესი ექსპორტიორია – სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა.

წყარო: ამერიკის ხმა