აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მომხრეებს არჩევნების შედეგების გადახედვაზე უარი უთხრა

აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ უარით ქვა ტეხასის გენპროკურორის სარჩელის მიღებაზე იმ ოთხ შტატში არჩევნების შედეგების გადახედვის შესახებ, სადაც დემოკრატმა ჯო ბაიდენტმა გაიმარჯვა.

ტეხასის გენერალური პროკურორი, კენ პაკსტონი ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში კენჭისყრის შედეგების გადახედვას ითხოვდა, თუმცა სასამართლოს აზრით მოსარჩელემ ვერ შეძლო იურიდიული დასაბუთება, თუ რა კავშირში მისი ინტერესები ტეხასის შტატის მიღმა ჩატარებულ არჩევნებში.

პაკსტონი, რომელიც თავად კორუფციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, ამტკიცებდა, რომ არჩევნების დღეს, 3 ნოემბერს გაგზავნილი საარჩევნო ბიულეტენები, რომლებიც უკვე უბნების დახურვის შემდეგ გადათვალეს, არ უნდა იქნას ჩათვლილი, რადგან კანონიერი ძალა არ გააჩნია.

მის სარჩელს სხვა შტატების 17–მა პროკურორმა დაუჭირა მხარი, რომლებიც ასევე რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა ექსპერტების უმრავლესობა თავიდანვე ელოდა, რომ უზენაესი სასამართლო მათ სარჩელს არ განიხილავდა, რადგან ამისათვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დონალდ ტრამპმა და მისმა მომხრეებმა ქვეყნის სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში 52 სარჩელი შეიტანეს, თუმცა მხოლოდ ერთი მოიგეს. პაკსტონის საჩივარი იმით განსხვავდება, რომ ის ქვედა ინსტანციების გვერდის ავლით პირდაპირ უზენაეს სასამართლოში შევიდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა რესპუბლიკელია. უფრო მეტიც, ცხრიდან ექვსი მოსამართლე პირადად ტრამპმა დანიშნა. თუმცა, ამის მიუხედავად სარჩელი განსახილველად არ მიიღეს. არადა ტრამპი პირდაპირ აცხადებდა, რომ დარწმუნებული იყო საქმის მოგებაში.