“აშშ-ს უწყებები წერენ, რომ საქართველო გამოიყენება სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად” – ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის ფინანსური დანაშაულის ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო არის საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად.
“ამერიკის ფინანსური დანაშაულთა ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა, ეს არის უწყებები, რომლებიც ერთობლივად ახდენენ სანქციების მონიტორინგს და კონტროლს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ საუბრობს იმ შავ ხვრელებზე, რომლებიც უკვე არსებობს სანქციების თავიდან არიდების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სისხლის მანქანის მომარაგება და მინდა აღვნიშნო, აქ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორც სამიზნე ამ სანქციების.
ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, არის სავაჭრო გზა, კერძოდ საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისთვის. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია, პირველად, უმაღლეს ოფიციალურ დონეზე ამერიკა საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა გამოიყენება სანქციების თავიდან არიდების მიზნით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას საგანგებოდ უნდა მოვთხოვოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ, გვაქვს საფრთხე, ქვეყანა, პორტი არ დასანქცირდეს და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები.
ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პუნქტი და მე-16 პუნქტი საუბრობს, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ რუს სანქცირებულ პირთან, მიხაილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს ბორჯომს, საქართველომ გააფორმა კონტრაქტი და დღეს, ფრიდმანი, სანქცირებული ადამიანი 49,9%-ს ფლობს ბორჯომში, რაც ასევე ძალიან საყურადღებოა და ასევე ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა” – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.