ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების დროს, უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, 800-მილიონიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიზანია კიდევ უფრო გაძლიერდეს “უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში ბრძოლისუნარიანობა”. მან ასევე დასძინა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე არტილერიას და თვითმფრინავებს, ასევე საბრძოლო მასალას.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა კამპანია მიმართა აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე და ამერიკის მთავრობის ადმინისტრაცია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად მოქმედებს იმისთვის, რომ უკრაინას გადაეცეს იარაღი, რომელიც მას ესაჭიროება.
დასავლური მედია წერს, რომ სამხედრო დახმარების ახალ პარტიაში ისეთი შეიარაღება მოხვდა, რომლის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცოდა.
უპილოტო საფრენ აპარატ Phoenix Ghost–ზე დღევანდელ დღემდე არაფერი იყო ცნობილი, წერენ New York Times და სააგენტო როიტერი. პენტაგონის წყაროები წერენ, რომ ის თავისი მახასიათებლებით Switchblade–ს გავს, რომლის შესახებაც უკვე დეტალური ინფორმაცია არსებობს, ამასთან, ახალი უპილოტო კამიკაძე დრონები სასწრაფოდ იქნა შემუშავებული აშშ–ს საჰაერო ძალების მიერ უკრაინის კონკრეტული საჭიროებების მიხედვით – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ამ დრონების შემუშავების პროცესი ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიწყო, მაგრამ დამზადების დროს მისმა შემქმნელებმა უკრაინელების სურვილების გათვალისწინებაც შეძლეს. მისი თქმით, Phoenix Ghost–ს არა მხოლოდ მიზანზე შეტევა (შეტევის დროს ის თავადაც ფეთქდება. ამის გამო მსგავს დრონებს კამიკაძეს უწოდებენ), არამედ ვიდეოს ტრანსლირებაც შეუძლია. კირბიმ არ გაამხილა ისეთი მახასიათებლები, როგორიც არის ფრენის სიშორე.
პენტაგონის ანონიმური წყარო მედიას ეუბნება, რომ შეკვეთილი 121 უპილოტო აპარატიდან უმრავლესობა უკვე მზად არის. ამის შესახებ Foreign Policy–ს ჟურნალისტი, ჯეკ დეჩი წერს.
“ის უზრუნველყოფს ისეთივე ტაქტიკურ შესაძლებლობებს, როგორსაცSwitchblade, თუმცა ის ცალსახად შემუშავებულია იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეს ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენოს “– ამბობს წყარო პენტაგონიდან, რომელსაც New York Times ციტირებს.
გამოცემამ ასევე დაადგინა, რომ გერმანიაში, შტუდგარტში მოქმედებს უცნობი სპეციალური ცენტრი, სადაც კავშირის ოფიცრები მუშაობენ უკრაინიდან და კიდევ 13 ქვეყნიდან. მისი ამოცანაა დასავლელ მოკავშირეებამდე მიიტანოს უკრაინის კონკრეტული საჭიროებები ტექნიკასა და შეიარაღებაში და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობები გამონახოს.