ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, ეს უკრაინას დაეხმარება რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“ეს არის ტექნიკის პირდაპირი გადაცემა ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტიდან უკრაინის სამხედროებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ამ შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში”,– ამბობს ბაიდენი.
პაკეტი მოიცავს საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღს, ვაზნებს, ჭურვებსა და სხვა შეიარაღებას.
ბაიდენის თქმით, მსოფლიო ერთიანია აშშ-ს გადაწყვეტილებაში, აიძულონ პუტინი, გადაიხადოს ძალიან მძიმე ფასი.
”ამერიკა ხელმძღვანელობს ამ ძალისხმევას, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების უზარმაზარ დონეს, რომელსაც ჩვენ ვამატებთ დღეს და ვაპირებთ, გავაგრძელოთ მეტის გაკეთება მომდევნო დღეებსა და კვირებში”,– თქვა ბაიდენმა.