საინფორმაციო სააგენტო როიტერი 3 წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის კიდავ 800 მილიონიანი სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის ემზადება.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი პაკეტის შესახებ პარასკევს შეიძლება ოფიციალურად გამოცხადდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საჯარო ინფორმაცია ამ პაკეტის შესახებ მომავალ კვირას გამოჩნდეს.
თეთრი სახლი როიტერის ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბაიდენი სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ე.წ. Presidential Drawdown Authority–ის ფარგლებში დაამტკიცებს, ანუ იმ სქემის, რომლითაც მას შეუძლია ოპერატიულად გამოყოს სახსრები კონგრესის თანხმობის გარეშე.
მაისში ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა დახმარების უპრეცედენტო პაკეტი უკრაინისთვის რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რომლის ჯამური ღირებულება 40 მილიარდი დოლარია. მათ შორის, კანონმდებლებმა გაითვალისწინეს, რომ პრეზიდენტს შეუძლია ისარგებლოს Presidential Drawdown Authority–ით 11 მილიარდი დოლარის დახმარებაზე, ანუ საკუთარი გადაწყვეტილებით, კონგრესის თანხმობის გარეშე გამოყოს დახმარება.
რაში იხარჯება ამერიკის 40 მილიარდიანი დახმარება:
- 6 მილიარდი დოლარი თავდაცვით დახმარებაზე– წვრთნაზე, შეიარაღებაზე და აღჭურვილობაზე.
- 8.7 მილიარდი გამოიყენება ამერიკული იარაღის მარაგების შესავსებად, რომელიც უკრაინაში იგზავნება.
- 3.9 მილიარდი დაიხარჯება აშშ–ს შეიარაღებული ძალების ევროპული მეთაურობის დასახმარებლად.
- ამერიკელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს შეუძლია კონგრესის თანხმობის გარეშე, ოპერატიულად გაგზავნოს ამერიკული დახმარება უკრაინაში 11 მილიარდი დოლარის მოცულობით.
- პაკეტში ასევე შევიდა 5 მილიარდი დოლარი გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად, რაც უკრაინის ომმა გამოიწვია.
- დაახლოებით 9 მილიარდი არის ეკონომიკური დახმარება უკრაინისთვის.
- დაახლოებით 900 მილიონი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.