კვირა, 5 იანვარი , 2025, 03:42

აშშ უკრაინას ლაზერული დამიზნების რაკეტებს და სათვალთვალო დრონებს გადასცემს – Washington Post

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კერძო ამერიკული სამხედრო კომპანიებისგან შეიძენს უკრაინისთვის გადასაცემ შეიარაღებას. აღნიშნული შეიარაღება კი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ შეიარაღებისგან, რომელსაც უკრაინა ბოლო თვეების განმვლობაში იღებდა.  ამის შესახებ ინფორმაციას, Washington Post-ი ავრცელებს. 

აღნიშნულ პაკეტში შედის 22 მილიონი დოლარის ღირებულების 70 მილიმეტრიანი ლაზერული დამიზნების, მაღალი სიზუსტის რაკეტები,  ასევე 20 მილიონი დოლარის ღირებულების Puma-ს ტიპის სათვალთვალო დრონები.

“ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტში ვართ სამხედრო კომპანიებთა, რადგან საჭიროებები მუდმივად იცვლება. ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად”,- აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე, ბილ ლაპლანტი Washington Post-თან საუბარში.

ასევე ლაპლანტის თქმით, კომერციულ ბაზარზე ხელმისაწვდომი შეიარაღების საყიდლად, პენტაგონს კონგრესმა უკვე გამოუყო 300 მილიონი დოლარი.

ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.  დახმარების ახალი პაკეტი $150 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. მათ შორის, 25000 155 მმ-იან საარტილერიო ტყვიას, კონტრსაარტილერიო რადარებს, სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს.