აშშ უკრაინისთვის საბჭოთა ტანკების გადასაცემად პარტნიორებთან მოლაპარაკებებს მართავს– New York Times

New York Times–ის ინფორმაციით აშშ–ს ადმინისტრაცია ნატოელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ მათ უკრაინას გადასცენ მათ შეიარაღებაში არსებული საბჭოთა წარმოების ტანკები. გამოცემა აშშ–ს ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროს ეყრდნობა.

გაზეთთან საუბრისას ადმინისტრაციის ჩინოვნიკი ამბობს, რომ ტანკები უკრაინას მალე გადაეცემა, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის, რამდენი და რომელი ქვეყანა გადასცემს მათ უკრაინელებს.

მხოლოდ პოლონეთს ოფიციალური მონაცემებით 500–ზე მეტი მოდერნიზებული და არამოდერნიზებული Т-72–ის ტანკი აქვს, ამასთან, ის თავის სატანკო ნაწილებს მუდმივად ამარაგებს გერმანული “ლეოპარდებით“, რომლებიც პოლონეთს უკვე რამდენიმე ასეული აქვს.