აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდების გამო- Washington Post

The Washington Post აშშ-ს მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატები ამზადებს ახალ სანქციებს ყირგიზეთის კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს აწვდიან საქონელს ევროპიდან და აზიიდან უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ორმა ოფიციალურმა პირმა, რომელთა ვინაობა არ სახელდება, გამოცემას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბიშკეკში რამდენიმე ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მიერ რამდენიმე თვის “უნაყოფო ვიზიტების” შემდეგ. ეკონომიკური ზომების მიღება შესაძლებელია უკვე ამ კვირაში, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით.

„მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი სხვებთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მისი მაგალითი ნათლად აჩვენებს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც გამონაკლისის გარეშე ქმნის მიუღებლად ხელსაყრელ გარემოს სანქციების გვერდის ავლისთვის“, – ციტირებს გაზეთი მაღალჩინოსანს.

ამერიკული მხარის ინფორმაციით, სანქცირებული საქონლის რეექსპორტში რუსული სპეცსამსახურები არიან ჩართული. ფირმები, რომლებიც იღებდნენ საქონელს ყირგიზეთიდან, იყვნენ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიმწოდებლები, აღნიშნავს Washington Post.

ყირგიზეთის საელჩომ ვაშინგტონში, ამერიკული გაზეთის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის დაიცვას საერთაშორისო ნორმები და ებრძოლოს კონტრაბანდასა და სხვა უკანონო ვაჭრობას. საელჩომ მოსკოვთან ვაჭრობის ზრდა ახსნა საქონლის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნების ელექტრონული სისტემების გაუმჯობესებით.

19 მაისს აშშ-ს ხელისუფლებამ უკვე დააწესა სანქციები ყირგიზეთში რეგისტრირებული Tro.Ya-ს წინააღმდეგ.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ყირგიზეთის კომპანია 70 სხვა ფირმასთან ერთად შეიყვანა იურიდიული პირების სიაში, რომლებიც, ეხმარებიან რუსეთის სამხედრო და თავდაცვის სექტორებს. ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ Tro.Ya ეწევა ელექტრონული კომპონენტების და სანავიგაციო აღჭურვილობის მიწოდებას.

The Washington Post ირწმუნება, რომ ყირგიზეთის საელჩომ ვაშინგტონში აღიარა ცნობები სანქციების თავიდან აცილების შესახებ. თუმცა, დიპლომატიურმა მისიამ აღნიშნა, რომ კრიტიკოსებმა არ გაითვალისწინეს ყირგიზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების „რეალური ეკონომიკური კონტექსტი“, რადგან ორივე ქვეყანა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია.

”ზოგადად, რუსეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი […] მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე მუშაობს [ამ ქვეყანაში]”, – ციტირებს გაზეთი ყირგიზეთის საელჩოს განცხადებას.

14 მაისს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯინბეკ კულუბაევმა სახელმწიფო ტელეარხ Rossiya-1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიშკეკი გააგრძელებს მოსკოვთან თანამშრომლობას დასავლეთის მხრიდან  მეორადი სანქციების დაწესების მუქარის მიუხედავად.

„ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, თანამშრომლობისთვის არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები შესაძლო სანქციებზე საუბრობენ. მაგრამ ჩვენც ვიცავთ ჩვენს წესებს და პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა მინისტრმა.

თუმცა, 2 ივნისს, ცენტრალური აზია-ევროპის კავშირის სამიტზე, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის სანქციების განსახილველად.

ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ „გაგებით“ ეკიდება ევროპელი პარტნიორების თხოვნას სანქციების შესრულების შესახებ.

როგორ უვლის გვერდს რუსეთი სანქციებს ყაზახეთისა და ყირგიზეთის გავლით:

აშშ-ის ხელისუფლებამ ასევე გაამახვილა ყურადღება  ინფორმაცაზე  ყაზახეთში ჩინური დრონების პარტიის  კონფისკაციის, რომელიც  ყირგიზეთიდან რუსეთში იგზავნებოდა,  ნათქვამია პუბლიკაციაში.

ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის საბაჟოებმა ყირგიზეთის კომპანია Impulse-Invest-ს 14 DJI Agras T30 დრონი ჩამოართვეს, რადგან მას დრონების ექსპორტის ლიცენზია არ გააჩნდა. ეს დრონები განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, მაგრამ აქვთ ომში გამოყენების პოტენციალი, რადგან მათ შეუძლიათ 30 კგ-მდე ტვირთის გადატანა, იტყობინება გამოცემა. მოგვიანებით დრონები აუქციონზე გაიტანეს, მათი ღირებულება ყაზახეთის ხელისუფლებამ 83,6 მილიონი ტენგედ (193 ათასი დოლარი) შეაფასა.

ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს ვაშინგტონ პოსტისთვის კომენტარის გაკეთებაზე ჩინური დრონების რუსეთში ექსპორტის მცდელობის შესახებ.

სანქცირებული საქონლის რეექსპორტის შესახებ ყაზახეთიდან ასევე იტყობინებიან გამომძიებელი ჟურნალისტები Important Stories–დან , OCCRP და ჟურნალი Spiegel. 20 მაისს, ამ გამოცემების ერთობლივი გამოძიების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ყოველთვიურად ყიდულობს  მილიონობით დოლარის ღირებულების დრონებს და მიკროელექტრონულ ტექნიკას ყაზახეთის გავლით, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით.

ჟურნალისტების თქმით, ყაზახური კომპანია Da Group 22 ჩიპებს და სხვა კომპონენტებს აწვდის რუსულ კომპანია Stack-ს. “სტაკის” მთავარი შემსყიდველი არის კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს სპეციალურ აღჭურვილობას რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის.

გამოძიების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ყაზახეთში დაარსებულმა სხვა კომპანიამ,“ ასპან არბამ“, რუსეთის “ციურ მექანიკას “ 500 დრონი მიაწოდა. დრონებს იმავე კომპანიისგან ყიდულობს შეიარაღებული კონფლიქტების ვეტერანთა ფედერაცია „ფოცხვერი“ და მოქმედი  რუსი სამხედროები, წერენ ავტორები.

ყირგიზეთიდან რუსეთში იმპორტის მკვეთრი ზრდა

რადიო Azattyk-ის( რომელიც რადიო თავისუფლების ყირგიზეთის და ყაზახეთის რედაქციაა)  გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების ფაქტები.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ფირმები ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან რუსეთში ახორციელებენ მიკროჩიპების, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის და სხვა კომპონენტების ექსპორტს, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები პოულობენ რუსულ რაკეტებში, ტანკებში, ვერტმფრენებში, თვითმფრინავებსა და რადიო სისტემებში.

გამომძიებელი ჟურნალისტები ეყრდნობიან ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურების მონაცემებს და კომპანიების კორპორატიულ ინფორმაციას, რომლებიც რუსეთში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების რეექსპორტს ახორციელებენ.

გამოძიებას ასევე მოჰყავს გაეროს ვაჭრობის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ყირგიზეთს 2021 წელს თვითმფრინავების, ვერტმფრენების და დრონების არანაირი ნაწილების იმპორტი არ განუხორციელებია,  თუმცა, 2022 წელს ქვეყანამ 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატების  ნაწილები შემოიტანა და 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების რუსეთში გაიტანა.

ამავე პერიოდში ყაზახეთმა 2000-ჯერ გაზარდა კომპიუტერების ექსპორტი რუსეთში. 2021 წელს ქვეყანამ 127 000 დოლარის ღირებულების კომპიუტერები მიაწოდა რუსეთს , 2022 წელს კი უკვე 296 მილიონი დოლარის ღირებულების.