ორშაბათს, 27 მარტს, აშშ-ს ქალაქ ნეშვილში (ტენესი), 28 წლის ტრანსგენდერმა ქალმა ოდრი ჰეილმა სროლა მოაწყო ქრისტიანულ სკოლაში The Covenant School-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰეილმა მოკლა ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. პოლიციის ცნობით, ის ამ საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულია და ჰქონდა შენობის დეტალური რუკა, რომელიც დანაშაულისთვის მოსამზადებლად გამოიყენა .
სროლა ორი AR-15 ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანიდან და პისტოლეტიდან განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურში განგაშის მიღებიდან 14 წუთში ჰეილის პოლიციამ ესროლა და მოკლა.
პოლიციის უფროსმა ჯონ დრეიკმა განაცხადა, რომ მსროლელის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მისი თქმით, ქალი განურჩევლად ისროდა და მისი მსხვერპლი შემთხვევითი სამიზნეები გახდნენ.
“არსებობს მოსაზრება, რომ რაღაც უკმაყოფილება იყო იმის გამო, რომ ის ამ სკოლაში დადიოდა”, – ვარაუდობს პოლიცია.
2023 წელს ეს ამერიკულ სკოლებში სროლის მესამე შემთხვევაა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინციდენტს უწოდა “სულისშემძვრელი და ყველაზე საშინელი ოჯახური კოშმარი” და შეაქო სამართალდამცავები მათი სწრაფი რეაგირებისთვის.
„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი სკოლები, რათა ისინი ციხეებად არ იქცეს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.