40–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქარიშხალ იდას შედეგად, რომელმაც აშშ–ს ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპროზე ტორნადო და წყალდიდობა გამოიწვია.
ნიუ იორკში ძლიერმა წვიმამ მეტრო და ნახევრადსარდაფულ სართულებზე საცხოვრებელი ბინები დატბორა. ერთი ადამიანი საკუთარ მანქანაში დაიღუპა.
ლუიზიანაში ასობით ათასი ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ენერგომომარაგების აღდგენას რამდენიმე კვირა დაჭირდება.
აშშ–ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “კლიმატური კრიზისის“ შესახებ განაცხადა, რომელიც აშშ–ს და სხვა ქვეყნებს ემუქრება. ბაიდენი ამბობს, რომ აშშ მზად უნდა იყოს მომავალში ბუნებრივი კატაკლიზმებისთვის, ეს სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია და ამ ამოცანების გადასაწყვეტად აშშ–მ არნახული მაშტაბის ინვესტიციები უნდა გაიღოს.
ტემპერატურის გლობალური მატების გავლენა ქარიშხლებზე ჯერჯერობით არასაკმარისად არის შესწავლილი, თუმცა ცნობილია, რომ ოკეანის ზედა ფენების დათბობა მათ ქვეშ ჰაერის გათბობას იწვევს, რაც ქარიშხლებს დამატებით ენერგიას მატებს.
ტროპიკული შტორმი იდა, რომელმაც აშშ–ს სამხრეთით ლუიზიანას შტატს დიდი ზიანი მიაყენა, გუშინ ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსისკენ დაიძრა. ორივე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ნიუ იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს თქმით ქალაქი “ისტორიული მაშტაბის კატაკლიზმის წინაშე“ აღმოჩნდა.
ქალაქის ბევრ რაიონში ძლიერმა დატბორვამ ნიუ იორკის მეტროპოლიტენის და საქალაქთაშორისო მატარებლების მიმოსვლის პარალიზება გამოიწვია.
წყალდიდობის გამო გადაიდო ასობით რეისი აეროპორტებში.