‘ აჩვენებ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ძალის დემონსტრირებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ”- ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა, რომ “ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს”.
“ის, რაც დღეს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, არ არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისთვის პრობლემა, არამედ მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ჭრილობა, პატიმრობა, ქვეყანას ძალიან დიდი ხანი წაყვება, არაფერს ვამბობ ჯანმრთელობის საფრთხეზე. დამოკიდებულება, როდესაც პრემიერმინისტრი ასე საუბრობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტზე, იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის და არა მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიისთვის ან ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ ყველასთვის.
თვითმკვლელობის მცდელობა დასჯადი არ არის, ოღონდ ეს არაფერ შუაშია ამ განცხადებასთან. როდესაც ადამიანი პატიმრობაში გყავს და არ იღებ იმ ზომებს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რისკებს არ ითვალისწინებ და ასეთი დამოკიდებულება გაქვს, კიდევ ერთხელ აჩვენებ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ძალის დემონსტრირებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ.”- განაცხადა ბოკერიამ.