აცრების რაოდენობა შემცირდა – გამყრელიძე ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხეზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირდა.

“ეპიდსიტუაცია ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მიდის სტაბილიზაციისკენ. ერთადერთი, რაც გუშინ, გუშინწინდლიდან გამოჩნდა არის, სამწუხაროდ, აცრების ყოველდღიური რაოდენობის შემცირება. შაბათ-კვირას ისედაც გვიმცირდებოდა ხოლმე, მაგრამ ხუთშაბათ-პარასკევსაც შეეტყო, რომ შემცირების ტენდენცია აქვს აცრების მაჩვენებელს”,– ამბობს ის რუსთავი 2-თან საუბრისას.

მისივე განცხადებით, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საშიშროება.

“ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება აგვისტოს ბოლო დეკადიდან ძირითადად განპირობებული იყო იმ რეგულაციებით, აცრების შედარებით მაღალი მაჩვენებლით და კარგი დამყოლობით, ასევე, აღსრულების კონტროლის გაუმჯობესებით. თუ ეს ახლა მოეშვა, რა თქმა უნდა, იქნება საშიშროება კვლავ ეპიდსიტუაციის გაუარსებისა”,– აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში მხოლოდ 14 071 აცრა ჩატარდა.