აცრის ყალბი საბუთის დამზადებისთვის #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოებსი სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს კოვიდსაწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე უკანონოდ დაარეგისტრირეს, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად. შესაბამისად, მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები.

“ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული პირების იდენტიფიცირება და პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია #4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად. ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუკი ანალოგიური ხერხით დარეგისტრირებულნი არიან NCDC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კანონით დადგენილი წესით არ აქვთ გავლილი ვაქცინაცია, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი”, – ნათქვამია განცხადებაში.