აჭარაში ნამყოფი 808 მასწავლებელი გაიტესტა და კორონავირუსი ექვსს დაუდასტურდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ნამყოფი და აღრიცხული 2200 პედაგოგიდან, პარასკევს, შაბათსა და კვირას 808 მასწავლებლის გამოკვლევა მოხერხდა, რომელთაგანაც 6-ს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ეს მასწავლებლები იზოლირებულნი არიან და საავადმყოფოში იმყოფებიან. როგორც ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება.

“ჩვენ ცაგერის მუნიციპალიტეტში გვქონდა 12 შემთხვევა, რომელიც თბილისში გამართულ დიდი საქორწილო ღონისძიებასთან იყო დაკავშირებული. 6 სოფლის გამოკვლევა ჩატარდა, სულ 1107 ნიმუში გამოვიკვლიეთ და არცერთი დადებითი შემთხვევა არ გვაქვს. კახეთში, სოფელ მატანში 11 შემთხვევაა, რომელიც ასევე ღონისძიებას უკავშირდება, გორში გამართულს. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სხვა რეგიონებში. მშვიდად გამოიყურება სამცხე -ჯავახეთი, საკმაოდ კარგად იმართება სიტუაცია სამეგრელოში, იმერეთში, სადაც ერთი დიდი კლასტერი გვაქვს, 32-ე სკოლა. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. დღიური შემთხვევების ზრდა იყო პროგნოზირებადი, როგორც კი მობილობა გაიზრდებოდა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ პირბადის გაკეთებისკენ! ჩვენ კვლავ ვრჩებით მწვანე, უსაფრთხო ზონაში. საერთშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება უსაფრთხო ქვეყნად და უნდა შევეცადოთ ეს უსაფრთხოება შევინარჩუნოთ, ამისთვის საჭიროა რეკომენდაციების დაცვა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.