ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან მივიდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.
ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ აქციები მშვიდობიანია, ვითარება კი პოლიციელების პროვოკაციების შემდეგ იძაბება.
“დღეს პოლიციის და სახელმწიფოს მოქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება. ფაქტობრივად საბჭოთა კავშირში ვართ და რეპრესიული მანქანა ამუშავდა. 40 დღეა, აქცია მიმდინარეობს და სანამ პოლიცია არ აწყობს პროვოკაციას, მთელი საქართველო ხედავს, რომ აქცია არის მშვიდობიანი.
რამდენიმე დღის წინ დააჯარიმეს მოჭიდავეები. მათ შეუზღუდეს გამოხატვის და შეკრებს თავისუფლება, მაშინ, როცა ამ რეგულაციების პირობებშიც ეს უფლება არ იზღუდება. ჯარიმას სიტყვიერი პროტესტი მოყვა და დაიწყო დაკავებების სერია”, – თქვა მირდატ ქამადაძემ.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი ამბობს, რომ აქტივისტები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.
მისივე ინფორმაციის, არეულობის შედეგად ასევე ერთი სამართალდამცველი დაშავდა.
ოპოზიცია ბათუმში, “თავისუფლების კვარტალში” 40 დღეა უწყვეტ აქციას მართავს. ადგილზე გაშლილია კარვები. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.