ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს – მელია ლევან კობიაშვილზე

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი კონკურენტი ქართული ოცნებიდან, ლევან კობიაშვილი პარტიამ მარცხისთვის გაწირა.

მელია აღნიშნავს, რომ კობიაშვილს არც პოლიტიკა აინტერესებს და არც გლდანის მაჟორიტარობა.

“პოლიტიკურ სასაკლაოზე გამოუშვეს და ამჯობინეს, რომ სპორტსმენს წაეგო. მას საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მაჟორიტარობა არ უნდოდა, ასეთი ადამიანი ჩემთვის უფრო მძიმე საყურებელია, ვიდრე პრინციპულად ისტორიის არასწორ მხარეს დგას. გამოუშვეს და ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს. ლევან კობიაშვილს ან სოციალური ან მუნიციპალური საკითხები შეიძლება, აწუხებდეს?” — განაცხადა მელიამ ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, კობიაშვილს ამ ოლქში გამარჯვების შანსი არ აქვს.

“შანსი ვერ ექნება ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის მეგობარს [ლევან კობიაშვილი] ამ რაიონში. იმიტომ კი არა, რომ ძლიერი კონკურენტია აქ ნიკა მელიას სახით, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის გამოფხიზლებული, იმიტომ, რომ მოსახლეობამ უკანასკნელ წლებში უკუსვლა განიცადა გლდანის რაიონშიც”,– განაცხადა მელიამ.

“ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. გლდანის რაიონში კენჭს ლევან კობიაშვილი იყრის.