ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. კანონში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება ხვალ, 20 მაისს ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
IPN-ის ინფორმაციით, ამჟამინდელი კანონით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი კი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ყველა ამ ღონისძიების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად პარლამენტის მხარდაჭერა არ დასჭირდება.
კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ “პროცესები უმართავი არ გახდეს.” ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.
კანონპროექტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, ვინაიდან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის ვადა იწურება და პრემიერმინისტრის თქმით, მისი გაგრძელების მოთხოვნით პრეზიდენტს აღარ მიმართავენ. გიორგი გახარიამ 15 მაისს ასევე თქვა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ 17 მაისს განაცხადა, რომ მთავრობას მიენიჭება უფლება, პანდემიის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლოს “კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე კრიზისის დარეგულირება, რომ მან შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა”.